Wednesday, April 30, 2008

თეატრი "სხვენი"


ბევრმა არც კი იცის, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თითქმის, უკვე წელიწადია, განახლდა პანტომიმისა და დრამის შერწყმული თეატრი “სხვენი”, რომლის დასს უნივერსიტეტის სტუდენტობა შეადგენს. თეატრი ახალ სპექტაკლზე მუშაობს, სახელწოდებით “ჭრილობა”. ამ და სხვა საკითებზე გავესაუბრეთ თეატრის რეჟისორს, ბატონ გიორგი გომურაშვილს.
_ბატონო გოგი, უპირველეს ყოვლისა, რატომ “სხვენი”?
_თეატრის საქმე წამოვიწყეთ 2000 წელს. ვინაიდან უნივერსიტეტის შენობაში თავისუფალი ადგილი არ მოიძებნა, ერთი გამოსავალიღა დაგვრჩა: პირველი კორპუსის ყველაზე ბოლო სართული, პატარა ოთახი. იქ სიბინძურე იყო და ნაგავი დაგვხვდა. მის დასუფთავებასა და გალამაზებაში დასის წევრები იღებდნენ მონაწილეობას. ფინანსური მხარდაჭერა მაშინდელი რექტორის, როინ მეტრეველისგან გვქონდა. მუშაობის შედეგად იმდენს მივაღწიეთ, რომ თავადაც გვიკვირდა.
როდესაც თეატრი მოვაწყვეთ, 2001 წელს, მაშინ დავიწყეთ ფიქრი, თუ რა უნდა დაგვერქმია. უამრავი ვარიანტი გვქონდა. ვინაიდან თითქმის ჭერში გამოგვიყვეს ადგილი, გადავწყვიტეთ, თეატრისთვის “სხვენი” დაგვერქმია, უფრო სწორედ, პლასტიკის თეატრი “სხვენი”. დღეს უამრავი სარდაფია, ჩვენ კი “სხვენი” ვართ.
_პირველად რომელი სპექტაკლი დადგით?
_პირველად “სტუმარ-მასპინძელი” დაიდგა, მაგრამ ვითამაშეთ დიდ დარბაზში, რადგანაც “სხვენში” 50 კაცზე მეტი არ ეტევა. სპექტაკლი უმოკლეს დროში მოვამზადეთ. მოვიწვიეთ ორი პროფესიონალი მსახიობი, მამუკა გუქჩიანი და პაატა მხეიძე, რომლებმაც, ფაქტობრივად, შეკრეს დასი. “სტუმარ-მასპინძელი” მაყურებელმა 2002 წლის მაისში იხილა.
ამის შემდეგ იყო “მხიარული ნოველები”, “სამანიშვილის დედინაცვალი”, “შვიდი იუმორესკა”, შემდეგ ვგეგმავდით საკონცერტო ნოველების დადგმას, რომლის პრემიერაც აღარ შემდგარა. ეს ვარდების რევოლუციის პერიოდში იყო.
რექტორის გადადგომის შემდეგ თეატრს დაფინანსება შეუწყდა. სტუდენტებს ცარიელ ენთუზიაზმზე უწევდათ მუშაობა, რაც ძალიან ძნელი იყო და თეატრიც ნელ-ნელა დაიშალა. ამის შემდეგ იყო წლინახევრიანი პაუზა. დაფინანსება არც ახლა გვაქვს, მაგრამ 2007 წელს “სხვენი” ისევ განახლდა.
_რატომ გაერთიანდა პანტომიმისა და დრამის თეატრები?
_მოგეხსენებათ, უნივერსიტეტს ჰქონდა საუთარი დრამატული ტეატრი, რომლის ხელმძღვანელიც ზაზა წაქაძე გახლდათ. მისი წასვლის შემდეგ დარჩა ახალბედა პლასტიკის თეატრი. ორ თეატრს ორი დარბაზი და ორჯერ მეტი ხარჯი სჭირდება. ამიტომაც გადავწყვიტეთ მათი გაერთიანება. აქედან გამომდინარე, დაიდგმება სინთეზური სპექტაკლები: იქ იქნება, როგორც დრამა, ისე პანტომიმაც.
_გასტროლები თუ გქონდათ?
_დიახ, რამდენჯერმე ვითამაშეთ ქუთაისში და ერთხელაც – კახეთში. ესპანეთიდან მოგვივიდა მოწვევა, მაგრამ, უსახსრობის გამო, ვერ წავედით. ფესტივალი ტარდებოდა და ჩვენ უნდა გაგვეხსნა. გვითხრეს, თქვენ გამო, ერთი დღით გადავწევთ ღონისძიებასო, მაგრამ ეგ საქმეს არ უშველიდა: უნივესრიტეტისგან და ბიზნესმენთაგან ვითხოვდით დაფინანსებას და ვერ მივიღეთ.
ამ ამბავმაც ერთგვარი კატალიზატორის როლი ითამაშა თეატრის დაშლაში.
_როგორ შეაფასებდით “სხვენის” პრემიერებს?
_ყველა პრემიერას მოჰყვებოდა ოვაცია. ამით თავს არ ვიქებ, მაგრამ ფაქტია: მაყურებლები მართლაც ტიროდნენ და იცინოდნენ. პროფესორი, ქალბატონი დოდონა კიზირია აღფრთოვანებული დარჩა “სუმარ-მასპინძელით”. “სამანიშვილის დედინაცვალმაც” ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.
_რას გვეტყვით იმ სპექტაკლზე, ახლა რომ დგამთ.
_ შეკვეთა მივიღეთ დირექციისგან, დაგვედგა სპექტაკლი უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით. სპექტაკლი “ჭრილობა” არის ლაშა თაბუკაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. გავათანამედროვეთ და დღევანდელობას მოვარგეთ. ამით გვინდა, ვუთხრათ საზოგადოებას, რამდენი უბედურების მოტანა შეუძლია გაუფრთხილებლობას. თუ ვიჩხუბებთ, დანას ხელი არ უნდა მოვკიდოთ. ქართველს ყოველთვის ჰქონდა მუშტი ამისათვის. დანაშაული, რომელიც ამ სპექტაკლში ჩაიდინეს, არ ეკუთვნის მხოლოდ ერთ პირს, არამედ ეს მთელს საზოგადოებას აწევს.
_როდის გეგმავთ პრემიერას?
_ალბათ, სტუდენტურ დღეებს დავამთხვევთ.
_რამდენი წევრია დასში?
_15 წევრია. თვითონ სპექტაკლი 8 კაცს მოითხოვს, მაგრამ ყველა ჩავრთე, რომ არც ერთისთვის დამეწყვიტა გული. თავიდან უფრო მეტი იყო, თუმცა ყველამ დარჩენა არ ისურვა. ზოგი წავიდა, ზოგიც მერე მოგვემატა.
_”ჭრილობის” შემდეგ რისი დადგმა გაქვთ გადაწყვეტილი?
_სამომავლო გეგმად მაქვს, გავაკეთო იუმორისტული ფესტივალი. ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება არც “კლაბ-შოუსა” და არც “КВН”-ის მსგავსი. საზოგადოება მოისმენს ჯანსაღ იუმორს და მოვალეობის მოხდის მიზნით გაცინება არ მოუწევს. აქ იქნება ცხოვრებისეული კურიოზული მომენტები, ტელეჟურნალისტთა შეცდომები, ადამიანთა პოზები ძილის დროს და ა.შ. ყოველივეს მიეცემა ნომრების სახე.
ამასთან ერთად, კიდევ ძალიან ბევრი გეგმა და საინტერესო მიგნებები გვაქვს და ვეცდებით, ყველაფერი განვახორციელოთ. მთავარია, დასმა ერთიანობა შეინარჩუნოს და გუნდური პრინციპით მუშაობა განაგრძოს.