Tuesday, May 27, 2008

58 წლის შემდეგ

26 მაისი _ დღე საქართველოს დამოუკიდებლობისა, სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისა, აღლუმისა, ოპოზიციის მიტინგისა და ყვავილების ფესტივალისა...

კარგი განრიგია!
უნივერსიტეტის ეზოში ვიცდიდი, ამხანაგის გადასარჩენად. ნახატი მივუტანე, რომლის წყალობითაც, შეიძლება, სტიპენდიას გამოკრას ხელი.
სიცხეში ერთ საათს ვიცდიდი. I კორპუსის კიბეებზე ვიდექი და წარმომედგინა, როგორ უკრავდა ორკესტრი ჩემ უკან და მე _ ვმღეროდი. ვმღეროდი, როგორც ანდრეა ბოჩელი. ეს მომღერალი, ზოგჯერ, ისე მიტაცებს, რომ მისი რეპერტუარის შესრულებას მასსავით თვალდახუჭული ვიწყებ ქუჩაში...
ჩემი მეგობარი აგვიანებდა.
ე.წ. ნაუშნიკებგარჭობილი ვაკვირდებოდი ჩემ ირგვლივ, რაც ხდებოდა და მხოლოდ ხმაურის ნაწყვეტები თუ შემოაღწევდა ყურებში. ტაქსს მოვკარი თვალი, რომლიდანაც წვალებით გადმოვიდა ხელჯოხიანი მოხუცი კაცი. მიშველება მინდოდა, მაგრამ, როგორც იქნა, გაიმაგრა თავი და ნელი ნაბიჯით წამოვიდა ეზოსკენ. იქვე წამოეწია თანატოლი სათვალეებიანი ქალი, რომელიც ასევე წვალებით გადმოსულიყო ტაქსიდან, თუმცა კაცზე ჩქარა შეეძლო სიარული. მეც დავიწყე მათი შესწავლა. ან რა მქონდა მეტი საქმე?
თავიდან ორივე პროფესორი მეგონა, შემდეგ ომის ვეტერანები, მერე _ ძველი მეგობრები... ქალი სამსაფეხურიან კიბეზე ავიდა და უნივერსიტეტის ეზოს ცენტრალურ ნაწილს მიაშურა. კაცმა კი, რომელიც უკვე დარწმუნებული იყო, რომ დახმარებას ვაპირებდი, ღიმილით ხელი დამიქნია. მეც გავიქეცი მისკენ.
მკლავში ხელი გამიყარა და სამი საფეხურიც ავიარეთ. ამასობაში გავიგე, რომ მეგობრებს ხვდებოდა. მართლაც, რამდენიმე მოხუცმა ხელი გაშალა მის დანახვაზე. ეს უკანასკნელიც შეძლებისდაგვარად გაიმართა წელში და მხიარულად მიეგება ხალხს. მოვტრიალდი თუ არა, კიდევ ერთ ქალბატონს გადავაწყდი: მომეხმარე, ბებო, კიბეზე ასვლაშიო. მეც, როგორც მოხუცებთან ერთად სეირნობისა და საუბრის მოყვარულმა, უარი არ ვუთხარი.
გაირკვა, რომ მოხუცთა თავშეყრის მიზეზი უნივერსიტეტის დასრულების 58 წლისთავი ყოფილა. მათ 1950 წელს დაუმთავრებიათ თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტი. ქალბატონი, კი, რომელიც ყოველივე ამას მიყვებოდა, უნივერსიტეტის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე, მარიკა კალანდაძე აღმოჩნდა. მასთან საკმაო ხანს ვისაუბრე, წავიტრაბახე კიდეც საკუთარი გვარით.
შემდეგ დანარჩენ კურსდამთავრებულებსაც გავესაუბრე, რომელთაც თითქმის ერთხმად თქვეს, ჩვენ ამ უნივერსიტეტის ბარტყები ვართ და მუდამ ახალგაზრდები ვრჩებითო. ზოგიერთი ასაკზე უფრო ახალგაზრდად გამოიყურებოდა, ზოგს კი უფრო დასტყობოდა დრო. თითქოს ყველას სახეზე ეწერა, რა გზაც განვლო ცხოვრებაში სტუდენტური წლების შემდეგ. ზოგი იცინოდა, ზოგი მორიდებულად იდგა, ზოგიც კი სახლში დატოვებულ საზრუნავზე ფიქრობდა...
რაღაც მხტუნავი შთაბეჭდილებისა და ემოციის ქვეშ მოვექეცი. მიხაროდა, მაგრამ არ ვიცი, რა. ალბათ, ის, რომ ამდენი 80 წელს გადაცილებული ადამიანი ერთად ვნახე ან ის, რომ ყველანი კურსელები იყვნენ და 58 წლის შემდეგაც ხვდებიან ერთმანეთს. თითქოს დრო მართლაც არ გასულა მათთვის.
მათს საუბარში მოკრძალება და ურთიერთპატივისცემა შევნიშნე. თითქოს, ერთმანეთი სიბერეში გაეცნოთ. საკუთარ თავს კითხვა დავუსვი: “ნუთუ ასეთივე ურთიერთობა აკავშირებდათ 58 წლის წინათ, როდესაც “ბარტყები” მართლაც ბარტყების ასაკისანი იყვნენ?”
ამ კითხვაზე რაც უფრო დიდხანს ვფიქრობდი, მით უფრო უსასრულოდ მეჩვენებოდა პასუხისკენ მიმავალი გზა. ჩვენს თაობასთანაც გავავლე პარალელი, მაგრამ მალევე გავჩერდი, არ მინდოდა რაიმე ცუდი წინასწარმეტყველების მსგავსი გამომსვლოდა. საბოლოოდ კი დავასკვენი, რომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ყველა ის კურსდამთავრებული უნდა დააჯილდოვოს, რომელიც ჯანმრთელობის ფასად ახერხებს საკუთარი მეგობრებისა და უნივესიტეტის გახსენებას 58 წლის შემდეგაც კი.

No comments: