Wednesday, May 14, 2008

შინ ვიჯექი, საქმე არ მქონდა

(ერთი კვირის განმავლობაში დაგროვილი ნამდვილი ფაქტები)
   
   ოქტომბერი ნაპირზე გამორიყული თევზივით ღაფავს სულს. ზამთარი ყინულის ლოლოებისფრ ფრჩხილებს ნელ-ნელა ასობს მიწაში. ცდილობს, გარეგნულად არ შეიმჩნიოს მზაკვრული ზრახვები. მაგრამ გუშინ ვეღარ მოითმინა და ჭექა-ქუხილით მოიოხა გული.
   მთელ დღეს შინ ვიჯექი, საქმე არ მქონდა. რა თქმა უნდა, ამაში არ შედის აყალმაყალის ფონზე მეცადინეობა და ნაოპერაციევი ბებიას გამხნევება (სიბერე განაჩენია. ზოგისთვის ტალახია, ზოგისათვის კი _ მწარე, მაგრამ მაინც შოკოლადი), დამსხვრეული ძილი და უხასიათობა. არადა, ასეთ დროს, ალმოდოვარის რომელიმე შედევრი მისწრება იქნებოდა ჩემთვის. ყოველ ფილმში ახალ-ახალ საერთოს აღმოვაჩენდი ხოლმე მადრიდსა და თბილისს შორის. მაგრამ იმ დღეს უსაქმურობა მქონდა მისჯილი.
   რამდენიმე დღით ადრე შევამჩნიე, რომ ბინის ეზოში მდგარ ჩემს საყვარელ ხეს ქარის შემოტევისთვის ვეღარ გაეძლო.
   როცა ფანჯრიდან გავიხედე, სუნთქვა შემეკრა: მწიფე ოქროსფერისაგან უკვე აღარაფერი იყო დარჩენილი.
   მეც ასე დამემართა: ყველა გეგმა ხელდან გამომეცალა და იძულებული გავხდი, თვალი უსაქმურობისათვის გამეშტერებინა. ალბათ, გაგიკვირდებათ, შინ საკმაო სამუშაო მაქვს და მაინც უსაქმურად ვთვლი თავს. მინდა გითხრათ, რომ გამოუსადეგარ საქმეს შედეგი არა აქვს, ან აქვს და არაყივით მალე ორთქლდება. შენ ასეთი საქმე არ გჭირდება. მისგან ვერ შეიძენ ცოდნას, რომელიც სამუდამოდ გაგყვება და ყოველ კრიტიკულ მომენტში დაგეხმარება....
   ასეთმა რეკვიემისფერმა განცდებმა სერიოზულად დამაფიქრეს. ნეტა, კიდევ რამდენი სტუდენტია ჩემსავით “უსაქმური”? კიდევ რამდენს ეღობება ოთხი კედელი მათი მიზნების ჩასანთქმელად? მხოლოდ შინ ჯდომაა საქმის არქონის მიზეზი?
   ვიდრე ამ თემას განვავრცობდე, მინდა შევეხო ისეთ მწვავე საკითხს, როგორიცაა სიზარმაცე. ბუნებრივია, ასეთი შემთხვევები (სიზარმაცე) ამ ტექსტში მხედველობაში არ მიიღება. სიზარმაცე, ჩემი აზრით, ავადმყოფობაა, გრიპის ან ალერგიის მსგავსი. ანუ სიზარმაცე ან ხანდახან “შეგეყრება”, ან ქრონიკულად გაქვს.
   ახლა კი ვუპასუხოთ ზემოთ დასმულ ბოლო კითხვას: არა! შინ ჯდომა, რა თქმა უნდა, არ არის უსაქმურობის მიზეზი. ამას იწვევს მიზნის არქონა, უიღბლობა, ან უსახსრობა. ჩემს შემთხვევაში _ უიღბლობა (მადლობა ღმერთს, რომ მხოლოდ ეს არის მიზეზი).
   ...ჰოდა, ოქტომბრის მიწურულს, როდესაც, ოქროსფერ სამასკარადო კოსტიუმში გამოწყობილი ბუნება შემოდგომას თავბრუდამხვევ ვალსს ეცეკვება, თვალიც კი ვერ მოვკარი იმ თბილისს, რომლისგანაც, სულ ცოტა, ორი კარი და ხუთი სართული მაშორებდა.    ჟურნალისტი ამბებით ცოცხლობს, მე კი უსაქმურობის “ხელოვნურ აპარატზე” შემაერთეს და “პალატაში” დამაბეს...
   ადამიანი, რომელსაც საკუთარი მიზანი არ გააჩნია, დრეიფზე მდგარ, აისბერგებით გარშემორტყმულ გემს ჰგავს. მისი ერთადერთი იმედი გამართლებაა (მაგრამ გამართლებას ჩვენი მტერი ენდო!). ასეთი ადამიანისგან ხშირად გაიგონებთ, რომ ღმერთმა მას მიზანი არ დაუსახა. ეს აბსურდია, რადგან დაბადებაც კი დასახული მიზნის ასრულებაა, დანარჩენზე თავად უნდა ვიზრუნოთ.
   ...უსაქმურად ყოფნამ და მომკითხველთა მიღება-გაცილებამ საღამოს ათ საათამდე გასტანა. ამას ემატებოდა ტელევიზორთა “დუეტი”, ტელეფონის “სოლო შესრულება” ხუთწუთიანი ინტერვალებით და ოთახებში უაზრო ხეტიალი სიმშვიდის ნამცეცების საპოვნელად...
   უსახსრობა უსაქმურობის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მიზეზია. ის ყველაზე მკვეთრად უპირისპირებს ერთმანეთს “მინდა”-სა და “არ შემიძლია”-ს. დამეთანხმებით, დღეს სულიერი საზრდოც კი, თითქმის, მთლიანადაა დამოკიდებული მატერიალურ შესაძლებლობაზე. ზოგჯერ რეალობა იმდენად შემზღუდავი აღმოჩნდება, რომ ფსიქიკაზე დიდ ზეწოლას ახდენს. ვითარდება ნევროზი, რასაც მოჰყვება სხვადასხვა სახის კომპლექსები...
   ...სიმშვიდის ნამცეცებს სღამოს თერთმეტის ნახევარზე მივაგენი და დილის ორ საათამდე “ვებრძოდი უსაქმურობას”. ვცდილობდი უქმად გასული დროის ანაზღაურებას. შემდეგი ხუთი საათი ფიქრნარევ ძილს თუ ძილნარევ ფიქრს დავუთმე. გარეთ ზამთარი ილანძღებოდა. მტირალმა წვიმამ სახე ფანჯრის მინას მოაბჯინა და ცრემლიანი თვალებით მიმანიშნა, რომ მასაც არ ჰქონდა საქმე...

31. 10. 2006

No comments: